კალაძის თქმით, ალბათ აუცილებელია გასაჯაროვდეს სააკაშვილის ყოველდღიურობა
![კალაძის თქმით, ალბათ აუცილებელია გასაჯაროვდეს სააკაშვილის ყოველდღიურობა](https://gdb.rferl.org/cf6507b0-53c4-4009-862f-ff22d70bdfd2_cx0_cy9_cw0_w800_h450.jpg)
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილსი შესახებ ილაპარაკა მედიასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ. მას მიაჩნია, რომ საჭირო არის ციხეში სააკაშვილის ყოველდღიური ყოფის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.
„როდესაც ხდება მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მე, რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილზე (მე მესმის, რომ რაღაც პირადი ინფორმაციები არის და არ აქვთ ამის უფლება, თუმცა იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე), ალბათ აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა“, - თქვა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის პენიტენციურ სისტემაში შექმნილი პირობები საკმარისია.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტები რას იტყვიან და რა შეფასებას გააკეთებენ. შესაბამისად, პენიტენციური სისტემის კლინიკა მზად არის ყველანაირი მომსახურება გაუწიოს პატიმარს თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება", - თქვა კახა კალაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ლიმონათს სვამს. „მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი“.
4 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა.
სახალხო დამცველის აპარატი კვლავ მიიჩნევს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეესაბამება.
მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.