ზურაბიშვილი გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევას
31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან.
ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.
ამ პროცესს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სპეციალური განცხადებით. ის ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდებს.