ნიკა სიმონიშვილის თქმით, სუს-ის განცხადების მიზანი შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვა იყოს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც "რევოლუციის მოწოდებაზეა" საუბარი, შესაძლოა მიზნად ისახავდეს სამოქალაქო პროტესტის შეზღუდვას. სიმონიშვილის თქმით, ცალკე აღებული სიტყვები "რევოლუცია" ან "დამხობა" ვერ ჩაითვლება კანონდარღვევად, თუ შესაბამისი ძალადობრივი ქმედებები არ მოჰყვება მას.
"თუ ქმედება [რევოლუცია] მშვიდობიანი პროტესტია, ეს დანაშაული არ არის და ამაზე გამოძიების დაწყება კანონს ეწინააღმდეგება... ამ განცხადებით სუს-ი წინასწარ ამბობს, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ ამ საკითხზე საუბრისგან და ეს შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვასაც ემსახურებოდეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას "საია"-ს თავმჯდომარემ.
სიმონიშვილის მსგავსად სუს-ის განცხადებას თვითცენზურის დაწესების საფრთხედ აღიქვამს ედუარდ მარიკაშვილი, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი.
"საზოგადოების ცალკეულ წევრებს შესაძლოა ჰქონდეთ მსგავსი მოსაზრება, თუმცა მათი ცალკეული განცხადებები დანაშაულის შემცველი ვერ იქნება. დღეს სუს-მა პირდაპირ დანაშაულად მიიჩნია რევოლუციაზე მხოლოდ ფეისბუკში საუბარი... [თუკი მყისიერი საფრთხე არსებობდა ვინმეს განცხადებაში] უკვე უნდა მოჰყოლოდა შედეგი - ასეთ განცხადებას ძალა უნდა ჰქონდეს [მასების მობილიზება უნდა შეეძლოს]", - უთხრა მარიკაშვილმა რადიო თავისულებას.
დღეს, 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით", - აცხადებენ სუს-ში.
მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა ქალაქში გამარჯვებულად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები გამოცხადდნენ, მოქალაქეების ნაწილმა გააჟღერა მოსაზრება "მშვიდობიან რევოლუციაზე". ასევე ითქვა, რომ თუ რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ის უნდა გამოიხსნან.