აშშ-ში ფილმის გადაღებისას მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი და დაჭრა რეჟისორი
აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში, ვესტერნის გადაღებისას, ჰოლივუდის პოპულარულმა კინომსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, თოფის გასროლით შემთხვევით მოკლა ოპერატორი და მძიმედ დაჭრა რეჟისორი.
ოპერატორი უკრაინაში დაბადებული და საბჭოთა კავშირში გაზრდილი 42 წლის ჰალატინ ჰაჩინსია.
რეჟისორი ჯოელ სოუზი მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში.
კინოგადამღები კომპანიის წარმომადგენელმა, The Hollywood Reporter-ს აცნობა, რომ ინციდენტი გადაღებისას მოხდა, როცა ბოლდუინს უნდა გაესროლა ფუჭი ტყვიებით დატენილი თოფიდან.
ზუსტად რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა თოფში საბრძოლო ტყვიები, პოლიციამ უნდა გამოიძიოს. გადაღებები შეჩერებულია გამოძიების დასრულებამდე.
„ოქროს გლობუსის“ და „ემის“ ლაურეატი ბოლდუინი პოლიციამ დაკითხა. ბრალდება ჯერ არავისთვის წაუყენებიათ და არავინ დაუკავებიათ. გაზეთმა Santa Fe New Mexican-მა გამოაქვეყნა შეძრწუნებული ბოლდუინის ფოტოები. გაზეთის ჟურნალისტის თქმით, მან ნახა, როგორ ტიროდა ბოლდუინი პოლიციელებთან საუბრის შემდეგ.
კინოგადამღები ჯგუფი იღებდა ფილმს „ჟანგი“ ("Rust") სანტა-ფესთან. ალეკ ბოლდუინი არა მხოლოდ მთავარ როლს ასრულებს, ის ფილმის პროდიუსერიც არის.
ის თამაშობს ცნობილი დამნაშავის, ჰარლანდ რასტის როლს. სცენარის თანახმად, მის შვილიშვილს ბრალს სდებენ შემთხვევით მკვლელობაში და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. რასტი მიემგზავრება კანზასში, რათა ის ციხიდან იხსნას.
ჰაჩინსმა კიევის უნივერსიტეტში საერთაშორსო ჟურნალისტიკა ისწავლა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას მისდევდა. მოგვიანებით, უკვე დასავლეთში, არაერთი ფილმის მთავარ ოპერატორად უმუშავია.