რუსეთის თქმით, წინსვლა არ შეინიშნება აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრაზე
რუსეთის ხელისუფლების თქმით, წინსვლა არ შეინიშნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მისი მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგით მესამე პირთან, ვიქტორია ნულანდთან, სასარგებლო იყო, მაგრამ მან შესაძლო გაუარესების თაობაზე გამოთქვა შიში.
„ძალზე მცირე წინსვლაა პრობლემების არსობრივ ნაწილში“, იმოწმებს რიაბკოვს „ინტერფაქსი“. „არსებობს დაძაბულობის საფრთხე“.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს მოლაპარაკებების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ნულანდი, რომელიც სახელმწიფო მდივნის მოადგილეა პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც უკანასკნელ წლებში ესტუმრა მოსკოვს.
მისი ვიზიტის ფონია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობა, კრიზისიდან გამოიყვანოს აშშ-რუსეთის ურთიერთობები, რომლებიც მკვეთრად გაუარესდა 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო უკრაინასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის.