თამარ კაკაბაძე: „დროა“ აპირებს, საარჩევნო საქმე სტრასბურგში წაიღოს
პარტია „დროას“ წევრმა თამარ კაკაბაძემ რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ საარჩევნო დავების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი არ აქვს, რომ პარტიის მიერ დაწყებული სასამართლო დავა სამართლიანი შედეგით დასრულდება. საქალაქო სასამართლომ პარტიის მოთხოვნა სადავო უბნების გადათვლის შესახებ, არ დააკმაყოფილა. ჯერი ახლა სააპელაციო ინსტანციაზეა. თამარ კაკაბაძემ „საღამოს საუბრებში“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ დონეზე „დროას“ სარჩელების სასამართლო განხილვები დასრულდება, პარტია საქმეს სტრასბურგში წაიღებს. მისი შეფასებით, ამით შეიქმნება პრეცედენტი, რომელსაც ყველა შემდგომ არჩევნებზე ექნება გავლენა:
„თუ ევროსასამართლო დაადგენს იმას, რომ მოხდა გარკვეული, არ ვიცი რა დაერქმევა, სამართლებრივად მანიპულაცია თუ რა, მაგრამ არასწორად ჩატარდა ბევრი კუთხით ეს არჩევნები, თუ იქნება პოზიცია, რომ ეს უბნები უნდა გადათვლილიყო და ჩვენი სარჩელები და მოთხოვნა იყო ლეგიტიმური, ასეთ შემთხვევაში იმ გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა შემდგომ არჩევნებზე, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ამ პრაქტიკის გათვალისწინება“, - განაცხადა თამარ კაკაბაძემ „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელები 184 უბნის შედეგების პროპორციულ ნაწილში გასაჩივრებას შეეხებოდა ისეთი ნიშნებით, როგორებიცაა ბიულეტენების ნაკლებობა, ბიულეტენების მეტობა და ბათილი ბიულეტენების დიდი ოდენობა.
„საოლქო კომისიებმა ფაქტობრივად არც ერთი საჩივარი ჩვენი არ დააკმაყოფილა და ყველა ეს უბნის საჩივარი წავიღეთ უკვე საქალაქო სასამართლოში. გასული წლისგან განსხვავებით, ამჯერად საქალაქო სასამართლოში ამ სარჩელებს იხილავენ, თუმცა ამას აქვს ძალიან მარტივი და ბანალური მიზეზი: განსხვავებით ბევრი არჩევნებისგან, წელს ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესებს ესწრებიან და მათთვის საჩვენებლად ხდება ეს, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება. ცესკოს წარმომადგენლებს ამ შემთხვევაში პროცესებზე ძირითადად აქვთ ასეთი პოზიცია, რომ ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის ხმებია, ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ და ეს უბრალოდ მექანიკური შეცდომებიაო ხშირ შემთხვევაში“, - განაცხადა თამარ კაკაბაძემ. მისი შეფასებით, კომისიები შერჩევით, მხოლოდ იმ რაოდენობის ოქმებსა და კანდიდატებს ითვლიან, რომ არჩევნების შედეგების საერთო სურათი არ შეიცვალოს. მისივე თქმით, სადავო უბნების გადათვლის შემთხვევაში, შესაძლოა, სულ სხვანაირი კონფიგურაცია გამოიკვეთოს, მათ შორის - თბილისის საკრებულოში:
„ჩვენს პარტიას რაც ეხება, ვაკის ერთ-ერთ უბანზე გვეწერა 0 ხმა, აღმოჩნდა, რომ პარტიას ჰქონდა 20 ხმა. საბურთალოზე გვეწერა 1 ხმა, აღმოჩნდა 17 დამატებითი ბიულეტენი ანუ 18 ხმა დაგვიფიქსირდა. გლდანის ერთ-ერთ უბანზე 1 ხმით მეტი იყო. ეს ერთი ხმა და 20 ხმა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთავრობაში მოვიდოდით, მაგრამ 3 უბანზე დაგვემატა 38 ხმა. ეს რომ გადავიანგარიშოთ და გავასაშუალოთ თბილისის მასშტაბით, ნიშნავს, რომ ჩვენ ბარიერსაც ვლახავდით. სულ რაღაც 2000 ხმა გვაკლია ბარიერის გადასალახად. მსგავსი მანიპულაციები თუ ხდებოდა სხვა პარტიებთან მიმართებაშიც, მაგალითად „ლელო“, „გირჩი“ გამოდის, რომ ისინიც დამატებით 1 ადამიანს გაიყვანდნენ, მთლიანად იცვლება საკრებულოს კონფიგურაცია. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის მთავარი ახსნა იმისა, რატომ ამბობენ უარს პროპორციული ნაწილის გადათვლაზე“, - განაცხადა თამარ კაკაბაძემ „საღამოს საუბრებში“.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46,69 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,7%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,8 % აქვს. "ელენე ხოშტარია-დროას" შედეგი 0,62 %-ია. "დროას" მაჩვენებელი უშუალოდ თბილისში 2,14%-ია. პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.
10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. ცესკო-ს თანახმად, აქედან 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზეა გადათვლილი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით; 194 საარჩევნო უბნის მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს, ხოლო 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები - ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად. ცესკოსვე ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და მცირედით შეიცვალა მონაცემები.
2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ, საერთო ჯამში, დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 საჩივარში შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაწერილი საჩივრების უმრავლესობა - 1141 საჩივარი, პოლიტიკურ სუბიექტებს ეკუთვნით, 561 - სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, 2 საჩივარი დაწერა მმართველმა პარტიამაც.