პუტინმა და ფაშინიანმა წელს მეოთხედ გამართეს შეხვედრა
![პუტინმა და ფაშინიანმა წელს მეოთხედ გამართეს შეხვედრა](https://gdb.rferl.org/47233ce8-f7f0-4111-af80-cd65e0ef2d63_cx0_cy5_cw0_w800_h450.jpg)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი წელს მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და ვითარებაზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი არ არის ბოლომდე მოგვარებული. სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელიც ყარაბაღის საკითხის მოგვარების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, კონფლიქტის დარეგულირებაში საკვანძო როლს თამაშობს.
პუტინმა თქვა, რომ ფაშინიანთან პირადი შეხვედრების პროდუქტიულობაში არის დარწმუნებული მიუხედავად იმისა, რომ ორ ლიდერს რეგულარულად აქვს სატელეფონო კავშირი. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დსთ-ს შემდეგ სამიტზე მოსკოვი და ერევანი კვლავ შეათანხმებენ თავიანთ პოზიციებს ურთიერთმოქმედების საკითხებში, კერძოდ, რეგიონში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით.
სექტემბრის დამდეგს ნიკოლ ფაშინანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ არის მოგვარებული და რომ აუცილებელია რეგიონის სტატუსის დაზუსტება ერთა თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე. 25 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს 2020 წლის ნოემბრის შემდეგ. 1 ოქტომბერს სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაციისთვის.