ღარიბაშვილი: სააკაშვილს შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში
![ღარიბაშვილი: სააკაშვილს შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში](https://gdb.rferl.org/b1f0660e-461c-46b2-a741-87056ecf2a70_cx30_cy2_cw55_w800_h450.jpg)
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილია ერთ-ერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში არწმუნებდა, მისი დაკავება კი, ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა. ინფორმაციის წყარო ღარიბაშვილს არ დაუსახელებია.
"იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში. ერთ-ერთი მათ შორის იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. როგორც დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად", - უთხრა დღეს ბათუმში, ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად გაუხარდა ნიკა მელიას, რომელიც „ფარისევლურად დადის ეხლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს".
როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ აბსოლუტურად არ აინტერესებთ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურებს გამჭვირვალედ ჩაატარებენ, ყველა ქალაქში გაიმარჯვებენ, ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და მთავარი საზრუნავი იყოს უმუშევრობა და სიღარიბე, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.