სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მიტროპოლიტი ნიკოლოზიც შეუერთდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც უერთდება. მიზეზებზე ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
"მე მინდა, ჩემს ქვეყანაში ქვეყნის პირველი პირი წინა პირველ პირს ციხეში არ სვამდეს, ისე ახერხებდნენ ურთიერთობას - მერე კიდევ შეიცვლება ხელისუფლება და მინდა ხელისუფლების ცვალებადობა არ იყოს წინას ციხეში ჯდომასთან დაკავშირებული... მაგალითი სააკაშვილმა თავის დროზე მოგვცა, მისი წინა პირველი პირი რომ არ დააპატიმრა", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" მიტროპოლიტმა.
მანვე აღნიშნა, რომ სურს ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნახვა, თუ ამის შესაძლებლობა ექნება:
"სირთულეებთან არის დაკავშირებული - იუსტიციის სამინისტროდან არის საჭირო ნებართვა... არ მინდა ჩემს შესვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვეს - მინდა ადამიანურად მოვინახულო ციხეში".
ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება პეტიციები, რომლითაც ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ერთ-ერთ ვებგვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული პეტიციის შინაარსი ასეთია:
"თუ მიგაჩნიათ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას უნდა მიეცეს საშუალება ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად დავიხსნათ პრეზიდენტი ტყვეობიდან.
მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის უკანონო პატიმრობაში ყოფნა მთლიანად საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია!".
პეტიციას 11 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.