ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია "შრომის ეკონომიკისთვის" სამ მეცნიერს მიენიჭა
![ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია](https://gdb.rferl.org/00c30000-0a00-0242-e1c2-08d989823a25_w800_h450.jpg)
ნობელის კომიტეტმა ეკონომიკის დარგში გამარჯვებული მეცნიერები გამოაცხადა. ჯილდოს ნახევარს მიიღებს კანადელ-ამერიკელი ეკონომისტი, დევიდ კარდი, „შრომის ეკონომიკაში შეტანილი ემპირიული წვლილისთვის“. მეორე ნაწილს ამერიკელი მკვლევრები - ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი - გაიყოფენ „მიზეზშედეგობრივი კავშირების ანალიზში შეტანილი მეთოდოლოგიური წვლილისთვის“.
დევიდ კარდი კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ცნობილია, როგორც მინიმალური შრომითი ანაზღაურებისა და ეკონომიკაზე იმიგრაციის გავლენის შესახებ კონცეფციის ავტორი. კარდის იდეას ეყრდნობიან, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შრომის ანაზღაურების ნიხრის მომატების მომხრეები, რომლებიც ოპონენტების საპირისპიროდ ამტკიცებენ, რომ ასეთი ზრდა არ მიდის უმუშევრობამდე.
ანგრისტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორია. იმბენსი - სტენფორდის. მათი მთავარი შრომები ასევე უკავშირდება შრომის ეკონომიკასა და ეკონომეტრიკას.
ნობელის პრემიების წლევანდელი სეზონი დაიწყო 4 ოქტომბერს, როცა გამოცხადდა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში პრემიის ლაურეატები. ეს ჯილდო მიიღეს ამერიკელებმა დევიდ ჯულიუსმა და არდემ პატაპუტიანმა. ფიზიკაში ნობელის პრემია წელს მიენიჭათ ამერიკელ-იაპონელ მეცნიერს, სიუკურო მანაბეს, გერმანელ კლაუს ჰასელმანსა და იტალიელ ჯორჯო პარიზის. ქიმიკოსებიდან პრემია ერგოთ გერმანელ ბენიამინ ლისტსა და ამერიკელ დევიდ მაკმილანს. ტანზანიელმა ავტორმა აბდულრაზაკ გურნაჰმა კი ლიტერატურის დარგში მოიპოვა ეს უმაღლესი ჯილდო.
მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, მარია რესას „მათი ძალისხმევისთვის სიტყვის თავისუფლების დაცვაში“.