ევროკავშირმა კიდევ 8 რუს მოხელეს დაუწესა სანქციები უკრაინის გამო
![ევროკავშირმა კიდევ 8 რუს მოხელეს დაუწესა სანქციები უკრაინის გამო](https://gdb.rferl.org/9168c47c-e536-432b-8f17-e8082f53369f_w800_h450.jpg)
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის კიდევ 8 მოქალაქეს დაუწესა შეზღუდვები იმ პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
ადრე არსებულ სანქცირებულ პირთა სიას დაემატა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები: მოსამართლეები, პროკურორები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საოკუპაციო რეჟიმის განხორციელებაში.
ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ამიერიდან გავრცელდება 185 ადამიანსა და 48 სამეურნეო და ბიზნესსტრუქტურაზე. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და გაიყინება მათი აქტივები.
რუსეთის და მის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 2014 წლიდან მოქმედებს და წლიდან წლამდე გრძელდება. საქართველო ევროკავშირის სანქციებს 2015 წლიდან უერთდება.