იაგო ხვიჩია: მგონია, ამ არჩევნებზე რაღაცა მოულოდნელობა იქნება
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ამბობს, რომ ძნელია იმის თქმა, რა გადაწყვეტს არჩევნების ბედს, თუმცა ვარაუდობს, რომ სიურპრიზი იქნება.
„რაღაც იქნება მოულოდნელობა ამ არჩევნებზე. ჩვენ შეიძლება ბევრი ვერსია გამოვთქვათ და ვივარაუდოთ, მაგრამ მგონია, რომ რაღაცა ისეთი იქნება, რაც შეიძლება იყოს სიურპრიზი“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ, რომლის შეფასებითაც, ამ დროისათვის საზოგადოება წინასაარჩევნო კამპანიაშიც „კლასიკურად ხედავს ქართულ მიშა-ბიძინას თამაშს“, ეგრეთ წოდებული შუა გაკრეფის პოლიტიკით:
„ახლა რა შეიცვლება ამ არჩევნებზე, ვნახოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყურადღება მივიქციოთ დანარჩენი საზოგადოების, ამ გადასახედიდან ცოტა სხვაგან გადმოვახედოთ, „პორშესაც“ ვათამაშებთ ამ მიზნით, სხვადასხვა პროექტები გვაქვს. ფაქტია, რომ პოლიტიკური თამაში მიდის და მინდა იმედი მქონდეს ამ საზოგადოების, რომ ამ ცხრაწლიანი წრიდან გვერდზე გაიხედავენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „საღამოს საუბრებში“.
გადაცემაში იაგო ხვიჩიამ გამოთქვა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა 2 ოქტომბრის არჩევნები ისეთი შედეგებით დამთავრდეს, რიგგარეშე არჩევნები „გირჩის“ გარდა აღარავის უნდოდეს:
„რაც არ უნდა მოხდეს ამ არჩევნების შედეგად, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი რამე მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში, იმდენი შხამი და ბოღმაა ერთმანეთის მიმართ დაგროვილი, რომ რაღაცამ ეს უნდა გაფანტოს. მე არ მჯერა, რომ ამას ყველაფერს გაფანტავს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. ის ამ მასშტაბის არჩევნები არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ გავაგრძელოთ რაღაცნაირი ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, რესტარტია საჭირო და ეს რესტარტი, მე მგონია, არის არჩევნების საჭიროება, თუმცა შესაძლოა დაჯდეს ისეთი შედეგები ამ არჩევნების მერე, რომ არავინ ამ იდეის გულშემატკივარი არ იყოს და მარტო მე ვიძახდე, რომ ახალი არჩევნები ჩავატაროთ, ხალხო, ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, სულ ჩხუბსა და დაპირისპირებაში-თქო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „საღამოს საუბრებში“.
გადაცემაში მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელია კონფიგურაცია, როცა არავის აწყობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ცხოვრება მომდევნო სამი წლის განმავლობაში კვლავ ჩხუბსა და დაპირისპირებაში გაგრძელდება. „ეს ჩემთვის ძალიან ცუდი სცენარი იქნებოდა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „საღამოს საუბრებში“.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.