ევროკავშირის თქმით, ის ბელარუსის ოფიციალური პირებისთვის გაამკაცრებს ვიზების გაცემას
ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ ბელარუსის ოფიციალური პირებისთვის გაამკაცრებს ვიზების გაცემას. ეს რეაქციაა მინსკის მიერ ევროკავშირის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების გამოყენებაზე. ევროკავშირმა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა დაადანაშაულა იმ მიგრანტთა რაოდენობის მკვეთრ ზრდაში, რომლებიც ბელარუსის გავლით ჩადიან პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში. ბრიუსელი მიიჩნევს, რომ მინსკი ამ ნაბიჯს მიმართავს მის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ.
როგორც ევროპის კომისიამ განაცხადა 29 სექტემბერს, მას სურს, წევრმა ქვეყნებმა იფიქრონ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე. ეს შეთანხმება შარშან ივლისში შევიდა ძალაში და ევროკავშირთან ბელარუსის დაახლოებას ისახავს მიზნად.
ეს ზომა, რომელიც ბელარუსის ხელისუფლების - მათ შორის მთავრობის, კანონმდებლების, დიპლომატიური დელეგაციებისა და სასამართლოს - წარმომადგენლების წინააღმდეგაა მიმართული, მოგზაურობისას დამატებით ბიუროკრატიას და ვიზების ფასების გაზრდას გულისხმობს. ის არ შეეხება ბელარუსის რიგით მოქალაქეებს.
პოლონეთი და ლიეტუვა იძულებული არიან, გაუმკლავდნენ უჩვეულოდ დიდი რაოდენობით მიგრანტების მოზღვავებას, ძირითადად ერაყიდან და ავღანეთიდან, რომლებიც მეზობელი ბელარუსიდან ჩადიან. ვარშავამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა ამ სიტუაციის გამო და მალე მის ორი თვით გაგრძელებას აპირებს.