„ქართული ოცნება" ეხმაურება „მთავარ არხზე" გასულ გადაცემას
მმართველი პარტია ეხმაურება 28 სექტემბერს „მთავარი არხის" ეთერში გასულ გადაცემას. როგორც „ქართული ოცნება" აცხადებს, გადაცემაში განიხილეს „თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარსტრატეგია".
პარტია უარყოფს გადაცემაში ნაჩვენებ მასალასთან კავშირს.
„საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. „ფეიკი“ და ამგვარი სლაიდები „ქართულ ოცნებაში“ არც უცხოელი და არც ქართველი პიარკონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ამის შესახებ გზავნილების გაჟღერებას არავითარი პიარსტრატეგია არ ჭირდება", - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტია ყურადღებას ამახვილებს გადაცემაში გასულ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ ნაწილზე.
„გადაცემის მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო".
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პიარტექნლოგი მოშე კლუგჰაფტია, რომლის მიერ მომზადებული სტრატეგიის დოკუმენტი, არხმა მოიპოვა და რომ დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია ოპოზიციური სატელევიზიო არხების დისკრედიტაცია და მათთვის ძირის გამოთხრა, ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების მიმართ "ქართული ოცნების" სტრატეგიაზე, მათ შორის ყოფილი პრემიერის, პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებლის გიორგი გახარიას დისკრედიტაციის კამპანიის თაობაზეც. კერძოდ, რომ ყოფილი პრემიერი "ქართული ოცნების" საკვანძო მეტოქეა და მის წინააღმდეგ ნარატივის მთავარი ხაზი უნდა იყოს კორუფცია, ნარკოტიკების მოხმარებასა და სახელმწიფოს ღალატთან დაკავშირებული ბრალდებები.