ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ საქართველოში
"2012 წლიდან მოყოლებული, დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მუნიციპალური არჩევნები გველის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დემოკრატიული წესწყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეტევის წინაშე.
ირაციონალური და ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არა აქვს - ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ. არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს.
თუმცა, როცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს - ხალხის ნების დამორჩილება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
20-წუთიან სიტყვით გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიის გამოწვევა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და საქართველომ ბევრს მიაღწია, უპირველესი და უმთავრესი ამოცანა კი მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა.