თვითიზოლაციაში მყოფი პუტინი აცხადებს, რომ COVID-19-ი მისი გარემოცვის ათობით წევრს დაუდგინდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ თვითიზოლაციის გამო, რომელშიც კორონავირუსით მისი გარემოცვის არაერთი წევრის დაავადების გამო კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება, მან ბევრი შეხვედრა და ვიზიტი გააუქმა.
ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ისაუბრა 16 სექტემბერს გამართული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტზე, რომელიც პანდემიის გამო კვლავ ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.
„ვწუხვარ, რომ იძულებული გავხდი ბოლო მომენტში გადამედო დუშანბეში დაგეგმილი ვიზიტი. მაგრამ ეს მოხდა იმის გამო, რომ, როგორც თქვენ იცით, კორონავირუსია აღმოჩნდა არა ერთ და ორ, არამედ ჩემი გარემოცვის არაერთ წევრს. ამიტომ რამდენიმე დღით თვითიზოლაციაში უნდა ვიყო“, - განაცხადა პუტინმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ პუტინათან დაახლოებულ რომელ პირებს აღმოაჩნდათ COVID-19-ი, მაგრამ როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, ლაპარაკია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც უზრუნველყოფებენ პრეზიდენტის აპარატის საქმიანობას.
რაც შეეხება პუტინს, პესკოვის თქმით, პრეზიდენტი „სავსებით ჯანმრთელია“ და იგი თვითიზოლაციაში მყოფი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ვლადიმირ პუტინმა თავისი თვითიზოლაცია შეადარა „ტესტს“ რუსული ვაქცინა Sputnik V-ისთვის, რომლითაც 68 წლის რუსეთის ლიდერი რამდენიმე თვის წინ აიცრა.