კობახიძე: „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს ფრაზები ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიისთვის გაკეთებულ მორიგ განცხადებაში თქვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ბოლო დროს აქტიურად წარიმართება საუბრები მძიმე პროვოკაციაზე.
"საჭიროა მსხვერპლი", "გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში", - ეს არის ფრაზები "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის "სირცხვილიას" წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ამ იდეის დატესტვა ჩატში „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს სთხოვეს.
„ყველამ ვიცით, რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება. რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებიდან ჟონავს და მის მოპოვებას რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან კავშირი არ აქვს:
"ყველა არჩევნების წინ ასე ხდება. იციან ამ შემთხვევაშიც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა, რომ ისინი მძიმედ აგებენ ამ არჩევნებს. ასეთ დროს, როცა მოშლილია გუნდი, ბუნებრივია, ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია. მაშინაც, თავის დროზე, შარშან ჟონავდა, თქვენ გახსოვთ, ჟონავდა ამგვარი ტიპის ინფორმაციები მათი ოფისებიდან, როგორც კიევიდან, ასევე თბილისიდან. ამ შემთხვევაშიც, იმ მძიმე წინასაარჩევნო ფონის გათვალისწინებით, რაც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, ასეთ დროს მოშლილია გუნდი და, შესაბამისად, მარტივად ჟონავს ინფორმაცია მათ ოფისებიდან და, შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის ინფორმაციის წყარო. ბუნებრივია, ამას არავითარი კავშირი არ აქვს რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. „ქართული ოცნების“ ადრესატია ასევე სამართალდამცავი ორგანოები, რომელთაც ირაკლი კობახიძემ მიმართა, იზრუნონ მოსალოდნელი წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციისთვის.
რაც შეეხება მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ იქნება დამატებით საჭიროება, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია საზოგადოებას ვესაუბროთ“.
„დატესტვა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ასე უპასუხა „სირცხვილიამ“ კობახიძის განცხადებას.