ტელეკომპანია „იმედმა" გიორგი გახარიას უპასუხა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, რომელმაც „იმედი" დაადანაშაულა „რეალობის დამალვაში", ტელეკომპანიამ განცხადებით უპასუხა.
„გახარიამ თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ გააიგივა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და მათ დროს არსებული მედიაგარემო ქართულ მედიასივრცეში დღეს არსებულ მოცემულობასთან. მეტიც, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს არხს და მის თანამშრომლებს, როცა ბრალი დაგვდო, თითქოს ჩვენ ვუმალავთ მაყურებელს რეალობას და ვდგამთ „მოდელირებულ ქრონიკებს“. ასეთი დემაგოგიური საუბარი იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს მონაწილეობით (პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, და მრავალი სხვა) დაარბია ჩვენი არხი და შემდეგ მოახდინა მისი ექსპროპრიაცია. 2012 წლამდე „იმედს“, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან მედიაორგანიზაციას, აკონტროლებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მიერ ხელდასმული „მფლობელები“. ზუსტად იმ პერიოდს ეკუთვნის „მოდელირებული ქრონიკა“ და მახინჯი ჟურნალისტიკის სხვა მაგალითები „იმედზე“. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არავინ დაივიწყოს!" - აცხადებს „იმედი".
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არხი ვერ იმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული პოლიტიკოსების მოთხოვნების საფუძველზე. ტელეარხმა შეაფასა გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და მას მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის სასარგებლო ნაბიჯად.
„მისმა ბოლო ნაბიჯმა, ყოველგვარი ეჭვი გაფანტა: მისივე განცხადებებით, ის მესამე პოლიტიკური ძალაა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. ამისდა მიუხედავად, გადაწყვიტა ჩართულიყო მერობისათვის ბრძოლაში, სადაც ერთმა ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს. ამ ბრძოლაში ჩართვამდე თბილისის მერობისთვის იბრძოდნენ კახა კალაძე და ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ყველა კვლევით, არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ყოფილ პრემიერს კი, როგორც (მისივე თქმით) მესამე ძალას, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ეს თავადაც მშვენივრად იცის. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ჩართულობა მიმართულია მერობისთვის ბრძოლის არსებული ბალანსის დასარღვევად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სასარგებლოდ", - აღნიშნავს „იმედი".
ტელეკომპანიის განცხადებით, მისი „ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე".
გიორგი გახარიამ "იმედი" პირველად პარტიის შექმნიდან რამდენიმე დღეში გააკრიტიკა. მან 31 მაისს ტელეწამყვანებთან შეხვედრა გამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ ესწრებოდნენ „იმედისა“ და „პოსტივის“ წამყვანები. იმ დღეს გახარიამ არაერთხელ ახსენა ტელეკომპანია „იმედი" და მას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზია, რომლის გადაწყვეტილებაც დაუკავშირა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„მთავარი არხის“ შეკითხვაზე, არ იცოდით აქამდე, რომ „იმედი“ პოლიტიკური ტელევიზია იყო? გახარიამ უპასუხა: „ეჭვი მეპარებოდა“. როგორც ყოფილი პრემიერი აზუსტებს, ეჭვი გაუჩნდა, რომ „იმედი“ არის პოლიტიკური ტელევიზია.
ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 3 ივნისს არხმა ყოფილ პრემიერს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან ინტერვიუზე სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად იმ მიზეზით არ მივიდნენ, რომ ეს შეხვედრა არ მიიჩნიეს განსაკუთრებულ მოვლენად.
"ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური ტოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი", - აღნიშნული იყო განცხადებაში.