ბერლინში გააპროტესტეს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები
ბერლინის ქუჩებში 28 აგვისტოს ათასობით მოქალაქე შეუერთდა დემონსტრაციას, რომლითაც გააპროტესტს მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებული შეზღუდვები.
დემონსტრანტთა ნაწილსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მაშინ, როცა აქციის მონაწილეებმა ბარიკადების გარღვევა სცადეს სამთავრობო შენობების უბანთან, პარლამენტის შენობის სიახლოვეს - აცხადებს პოლიცია, რომელიც ასევე იუწყება, რომ დააკავეს 50-მდე პირი, მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმის გამო.
გერმანიის მედიის ცნობით, დემონსტრანტებს კავშირი ჰქონდათ მოძრაობა Querdenker-თან ("გვერდითი მოაზროვნეები"), რომელიც ყველაზე ხმამაღლა აპროტესტებს გერმანიაში მოქმედ, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. გავრცელებული ცნობებით, დემონსტრაციები ქალაქის მესვეურების მხრიდან ნებართვის გარეშე გაიმართა.
დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები წარწერებით, რომ მათ "თავიანთი აზრი" აქვთ COVID-19-ის და "COVID-84-ის" წინააღმდეგ - რაც მიემართებოდა ტოტალიტარული სახელმწიფოს შესახებ ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანს, "1984"-ს.
ბერლინში ასევე გაიმართა კონტრდემონსტრაციაც, "სიყვარულის მატარებლის" სახელით, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად შემოღებული შეზღუდვების მომხრე ბევრი მოქალაქე შეუერთდა.
საკითხი, შემოიღონ თუ არა, ან რა ტიპის შეზღუდვები დაუწესონ აუცრელ მოქალაქეებს გერმანიაში სულ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს, რადგან იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. 28 აგვისტოს აღირიცხა ინფიცირების 10,000-ზე მეტი და გარდაცვალების 22 შემთხვევა, რითიც გარდაცვლილთა მთლიანი მაჩვენებელი გაუტოლდა 92,096 ადამიანს.