რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი CSTO შუა აზიაში სამხედრო წვრთნას გამართავს, ავღანეთში შექმნილი ვითარების გამო
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO, ОДКБ) აცხადებს, რომ ავღანეთში შექმნილი ვითარების გამო სამხედრო წვრთნების გამართვას გეგმავს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.
ორგანიზაციის პრესმდივანმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა სააგენტო ინტერფაქსს 27 აგვისტოს უთხრა, რომ დაგეგმილ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით სამხედრო, და ღონისძიება გაიმართება 7-9 სექტემბერს. მისი თქმით, სამხედრო მანევრების კიდევ სამი ღონისძიება ოქტომბერში შედგება, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან ახლოს, მეოთხე კი ნოემბრისთვის არის დანიშნული.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აერთიანებს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. ავღანეთთან მოსაზღვრე შუა აზიის ქვეყნები შეშფოთებული არიან ომით გაჩანაგებული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების გამო, ისევე, როგორც ათიათასობით ლტოლვილის გამო, რომლებიც შესაძლოა საზღვრებს მიაწყდნენ.
თალიბანი, რომელმაც ავღანეთი თითქმის სრულად დაიპყრო, მეზობელ ქვეყნებს და რუსეთს ამშვიდებს, რომ ის არანაირ საფრთხეს არ ქმნის.