ჯონსონი: ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის ვადა არ გახანგრძლივდება
![ჯონსონი: ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის ვადა არ გახანგრძლივდება](https://gdb.rferl.org/802c35b5-97e3-43ee-98b5-f1fbf2629dc3_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
უკიდურესი ვადა, 31 აგვისტო, როცა ამერიკის ყველა სამხედრომ უნდა დატოვოს ავღანეთი, არ გახანგრძლივდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა ონლაინ თათბირის შემდეგ.
მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, არ გადაავადოს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა. ამ რეკომენდაციით გამოვიდა პენტაგონი, რომლის თანახმად, ამ თარიღის შემდეგ შეიარაღებული ძალები ვეღარ შეძლებს ქაბულის აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეთა უსაფრთხოების გარანტირებას.
როგორც ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ 31 აგვისტო ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის უკანასკნელი დღე იქნება დიპლომატების, უცხოეთის მოქალაქეებისა და იმ ავღანელებისთვის, რომლებიც თალიბანის მმართველობას გაურბიან.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ აშშ, ბრიტანეთი და მათი მოკავშირეები თალიბებს მოსთხოვენ, ქვეყნის დატოვების მსურველებს ქაბულის აეროპორტამდე თავისუფლად მისვლის საშუალება მისცენ 31 აგვისტოს შემდეგაც. მაგრამ ბუნდოვანია, რა გზით უზრუნველყოფენ მოკავშირეები ამ მოთხოვნის შესრულებას. სამშაბათს თალიბანმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები აეროპორტში მხოლოდ უცხოელებს შეუშვებენ, ავღანელებს კი - არა.
„დიდი შვიდეულის“ - აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის - ლიდერთა შეხვედრის წინ იტყობინებოდნენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი ევაკუაციის ვადის გახანგრძლივებას ემხრობა. მაგრამ ამ საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს აშშ, რომელიც უზრუნველყოფს საევაკუაციო რეისების უმრავლესობას. „დიდი შვიდეულის“ თათბირის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ევაკუაციის ვადის გახანგრძლივება შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა პრაქტიკულად უბრძოლველად ჩაიგდო ხელში ქაბული, ავღანეთიდან ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. კიდევ რამდენი ადამიანია საევაკუაციო, ამის შესახებ ზუსტი მონაცემები არ მოიპოვება. თალიბები ხელს არ უშლიან საევაკუაციო რეისებს, მაგრამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ქაბულის აეროპორტი ყველა უცხოელმა უნდა დატოვოს არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.