აფგან მუხთარლის ცნობით, თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ემუქრებიან
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მიგრანტ ჟურნალისტს ემუქრებიან. მას „ოჯახით აშანტაჟებენ“.
როგორც მუხთარლი აღწერს, მომხდარის შესახებ პოლიციას გუშინ, 23 აგვისტოს, შეატყობინეს. პოლიცია დაუკავშირდა ჟურნალისტს და დაჰპირდა ინციდენტის გამოძიებას.
„პოლიციის დაჟინებული მოთხოვნის გამო, მე არ ვწერ ჟურნალისტის სახელს და ტელეფონის ნომრებს, რომლებიდანაც ემუქრებოდნენ მას. ვიმედოვნებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სერიოზულად მიიღებს მუქარას. ბაკიხანოვის შემდეგ ინციდენტი აღარ განმეორდება“, - წერს მუხთარლი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს და მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
14 ივლისს, თბილისში, საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რუმსის“ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.
სასტუმრო „რუმსის“ ადვოკატის, კახაბერ წერეთელის თქმით, ჰუსეინ ბაკიხანოვი „რუმსში“ სამსახურის საძებნელად იყო მისული და მისი თვითმკვლელობის შემსწრე სასტუმროს ორი თანამშრომელია.
ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია აფგან მუხთარლიმ 29 ივლისს, ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.
აფგან მუხთარლის 4 წლის წინ თავად შეექმნა სერიოზული პრობლემები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აფგან მუხთარლი 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.