კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით
![კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით](https://gdb.rferl.org/1054943c-e183-40fa-8653-03c9105c3e7b_cx0_cy9_cw0_w800_h450.jpg)
24 აგვისტოს კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით. სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ოდესაში გაიმართა სამხედრო-საზღვაო აღლუმი.
აღლუმი პირველად იმართება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობაზე ყოფნისას. კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, კრეშჩატიკზე, გაიარა ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ, ასევე სამხედრო ტექნიკამ, ცაზე გადაიფრინა ავიაციამ, მათ შორის მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა An-225 Mriya-მ.
აღლუმში მონაწილეობდნენ უკრაინის პარტნიორი ქვეყნების არმიების წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-იდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, საქართველოდან და პოლონეთიდან.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სიტყვაში გამოვიდა წინადადებით, 28 ივლისი, როცა აღინიშნება კიევის რუსეთის გაქრისტიანება 988 წელს, იქცეს სახელმწიფო დღესასწაულად - სახელმწიფოებრიობის დღედ. ზელენსკიმ ასევე ილაპარაკა ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე და კვლავ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებზე.
აღლუმს ესწრებოდნენ უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტები - ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო. პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ავადაა, მეოთხე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი, რომელიც 2014 წელს გაიქცა რუსეთში, უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა სახელმწიფოს ღალატისთვის.
დღესასწაულის მსვლელობისას შედგა ასევე სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია. ზელენსკიმ სხვათა შორის სახელმწიფო ჯილდო გადასცა ქართველ მსახიობსა და მომღერალს, ვახტანგ კიკაბიძეს.