ირანში გაიზარდა ბავშვობის ასაკში ქორწინებების რაოდენობა
ირანის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2019 წელთან შედარებით, შარშან ბავშვობის ასაკში ქორწინების რიცხვმა ამ ქვეყანაში მოიმატა.
ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, შარშან 10-დან 14-წლამდე ასაკის გოგონების ქორწინების რაოდენობა 10,4 პროცენტით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.
კანონიერი ასაკი, როცა გოგონებს ქორწინება შეუძლიათ, 13 წელია, ხოლო ვაჟებისთვის - 15 წელი. თუმცა მამის ნებართვით უფრო მცირე ასაკის ბავშვებსაც შეუძლიათ ქორწინება.
ბავშვების ქორწინების სტატისტიკა ასახავს მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებებს. რეალურად ეს რიცხვი ბევრად მაღალია, რადგან ბევრი კავშირი რეგისტრირებული არ არის.
ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, ირანში რეგისტრირებული ყველა ქორწინებიდან ხუთი პროცენტი 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის შედგა. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ირანში ადამიანის უფლებების შესახებ, ჯავიდ რაჰმანი, გამოვიდა მოწოდებით ისლამურ რესპუბლიკაში "დაუყოვნებლივ რეფორმების" გატარებისკენ.
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მარტში წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ ირანში ნაადრევი ქორწინების გავრცელება სერიოზული პრობლემაა. რაჰმანი აცხადებს, რომ „ირანელი ქალები და გოგონები კვლავ მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევიან“.