უკრაინა მზად არის, მიიღოს ავღანელი ლტოლვილები, ვაშინგტონი მადლობას იხდის
![უკრაინა მზად არის, მიიღოს ავღანელი ლტოლვილები, ვაშინგტონი მადლობას იხდის](https://gdb.rferl.org/50ff4735-e772-4b5e-b26a-f29d9bdfc801_w800_h450.jpg)
ვაშინგტონი მადლობას უხდის მთელ რიგ სახელმწიფოებს და მათ შორის - უკრაინას მზადყოფნისთვის, რომ მიიღოს ლტოლვილების ნაწილი ავღანეთიდან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა 30-მდე სახელმწიფო, რომლებიც მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ავღანეთიდან ხალხის უსაფრთხოდ გამოყვანაში.
ალბანეთი, კანადა, კოლუმბია, ჩილე, კოსოვო, ჩრდილოეთი მაკედონია, მექსიკა, პოლონეთი, ყატარი, რუანდა, უკრაინა და უგანდა დასახელდნენ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც აქვთ „გულუხვი“ შეთავაზება რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების მშვიდობიანად განსახლების პროცესში.
„მეტად მადლიერი ვართ მათ მიერ შემოთავაზებული მხარდაჭერისთვის და სიამაყით ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ავღანეთის ხალხის ერთობლივად დახმარების პროცესში“, - განაცხადა პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცალკე ჩამოთვალა ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიებს ტრანზიტის სახით სთავაზობენ, ანდა ახლო მომავალში შესთავაზებენ, ავღანეთიდან გამოყვანილ ამერიკელებს „ან ზოგ ვითარებაში - სხვებს“. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია: ბაჰრეინი, გერმანია, დანია, იტალია, ყაზახეთი, ქუვეითი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და უზბეკეთი.
ნედ პრაისის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამატებითი დახმარების შესაძლებლობებს სხვა ქვეყნებშიც განიხილავენ და აშშ ამ საკითხს კვლავაც საგანგებო ყურადღებას დაუთმობს.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს - აპირებს თუ არა და რა სახით აპირებს საქართველო ამ პროცესში ჩართვას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
15 აგვისტოს თალიბანის დაჯგუფებამ აიღო ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. ამ ეტაპზე ჯერ ისევ მიმდინარეობს ქვეყნიდან უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა, რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის - ნატოს კოალიციის მისიის ფარგლებში.
ათობით ათასი ადამიანი ჯერ ისევ ვერ ახერხებს ქაბულის აეროპორტამდე მისვლას. ვრცელდება ცნობები, რომ თალიბები, სხვადასხვა სახის ძალადობრივი მეთოდებით, ხელს უშლიან ავღანელების გადაადგილებას აეროპორტისკენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა ქაბულის აეროპორტიდან მოახდინა 13 ათასი ამერიკელის, ავღანელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აუცილებლად მოხდება ევაკუაცია „ნებისმიერი ამერიკელისა, რომელიც აშშ-ში დაბრუნებას მოისურვებს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ მას არ შეუძლია ქაბულიდან ევაკუაციის „საბოლოო შედეგის“ გარანტირება.
საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ორ ეტაპად მოხდა საქართველოს 22 მოქალაქის ავღანეთიდან ევაკუაცია. კერძო კონტრაქტით დასაქმებულთა ნაწილი უკვე ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო დანარჩენები, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტრანზიტულ ქვეყანაში იმყოფებიან.