თალიბანი შეხვედრას მართავს ქაბულში მომავალი მთავრობის განსახილველად
![თალიბანი შეხვედრას მართავს ქაბულში მომავალი მთავრობის განსახილველად](https://gdb.rferl.org/4d3aa279-5d3b-40e4-82ed-5adb546b2ac2_w800_h450.jpg)
გავრცელდა ცნობები, რომ ავღანეთის თალიბანის უმაღლესი ხელმძღვანელობა ქაბულში იკრიბება, რათა მომავალი მთავრობის გეგმა შეიმუშაოს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.
21 აგვისტოს შეხვედრა იმართება თალიბანის მცდელობის ფონზე, თავი წარმოადგინოს უფრო ზომიერ ძალად ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ. ამის ფონზე აშშ-იმ მეთაურობით გრძელდება ავღანეთიდან ხალხის, ავღანელების და უცხოელების, ევაკუაცია 20-წლიანი ომის შემდეგ.
თალიბანის მაღალი რანგის მოხელემ ვინაობის გამხელის გარეშე AFP-ს განუცხადა, რომ თალიბანის პოლიტიკური ფრთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, აბდულ ხანი ბარადარი შეხვდება „ჯიჰადისტებს და პოლიტიკოსებს ინკლუზიური მთავრობის შესაქმნელად“.
თალიბანის სხვა, ასევე ინკოგნიტო წარმომადგენელმა, Reuters-თან საუბარში არ დაადასტურა, რომ ბარადარი ქაბულში იმყოფება. მოელიან, რომ თალიბანის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე იქნებიან „ჰაქანის“ ქსელის წარმომადგენლები. ეს გაერთიანება აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.
თალიბანმა პირობა დადო, რომ „სრულიად განსხვავებულად“ აპირებს ქვეყნის მართვას, ვიდრე ეს 1996-2001 წლებში ხდებოდა, როცა მისი მმართველობა ეფუძნებოდა ისლამისტური სამართლის მკაცრ ინტერპრეტაციას.
თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის გამო ავღანეთში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მოხდება რელიგიური უმცირესობებისა და ქალებისთვის მკაცრი პირობების დაბრუნება.
თალიბანმა პირობა დადო, რომ ამნესტია შეეხება ყველას, ვინც მთავრობასა და უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობდა.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბები ნადირობენ ჟურნალისტებზე, ასევე ავღანეთის ყოფილ სამხედროებსა და სამთავრობო მოხელეებზე.