კუბის ხელისუფლებამ ეკონომიკის ცალკეულ სექტორში ლეგალური გახადა კერძო მცირე და საშუალო ბიზნესი
კომუნისტური კუბის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააფართოოს სია ეკონომიკის სექტორებისა, რომელშიც კერძო ბიზნესს შეუძლია მუშაობა. კუბის ოფიციალურ გაზეთ „გრანმას“ ცნობით, ამჟამად ბიზნესმენებს უფლება აქვთ 127-ის ნაცვლად 2000-ზე მეტი სახეობის საქმიანობით დაკავდნენ.
გადაწყვეტილება კუბაში მიღებულია ამერიკული სანქციების ზეწოლისა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ქვეყნის მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
კუნძულოვან სახელმწიფოში ეკონომიკური ლიბერალიზაცია დაიწყო 2010 წელს, მაგრამ კერძო ბიზნესისათვის საქმიანობა მასშტაბურად დასაშვები მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გახდა.
გასულ წელს კუბაში კერძო ბიზნესისთვის 600 ათასზე მეტი ლიცენზია გაიცა, მეტწილად ტურისტულ სექტორში, რომელშიც, ჟურნალ „ტაიმის“ ცნობით, მოსახლეობის დაახლოებით 13 %-ია დასაქმებული, მაგრამ ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციამ კუბის ტურისტულ სექტორს კატასტროფული ზიანი მიაყენა.
ამჟამად კუბაში კერძო ბიზნესი იკრძალება 124 სახეობის საქმიანობაში, თუმცა უცნობია, თუ კონკრეტულად რა იკრძალება.
11 ივლისს ათასობით კუბელი გავიდა ქუჩებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის და ელექტროენერგიის, საკვებისა და წამლების მუდმივი ნაკლებობის ფონზე - რაც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა. პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა სწრაფად ჩაახშო უპრეცედენტო ქუჩის დემონსტრაციები, რასაც მოჰყვა ერთი ადამიანის სიკვდილი, ათობით დაშავებული და ასობით დაპატიმრებული მოქალაქე.