პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 2020 წლის არჩევნებში არსებითი ხარვეზები ვერ აღმოაჩინა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2020 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში არსებითი ხარვეზები ვერ აღმოაჩინა. ესაა კომისიის 2,5 თვის განმავლობაში მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნა.
"გამოვავლინეთ კონკრეტული პრობლემები და ხარვეზები, გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომელიც გადათვლის პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნული უკავშირდებოდა იმ გარემოებებს, რაც გამოწვეული იყო რიგ შემთხვევებში და უფრო მეტ შემთხვევებში, სტრესული გარემოთი და პანდემიური სიტუაციით, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების გულგრილობას, ხოლო რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა დაბალი კომპეტენციის ფაქტები", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ.
კომისიამ 41 ყველაზე პრობლემური უბანი შეარჩია, სადაც ფიქსირდებოდა ბიულეტენების მეტობისა და ნაკლებობის შემთხვევები. მათგან 3 უბანი უკვე გადათვლილი იყო. საბოლოო ჯამში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ამ უბნებიდან შეირჩა 20 უბანი (13 ნაკლებობისა და 7 მეტობის შემთხვევებით).
კომისიის დასკვნით:
გადათვლის შედეგები შედარდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს და აღმოაჩინეს 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი;
ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს გამოაკლდა პრობლემურად მიჩნეული უბნების მონაცემები და დაფიქსირდა 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი.
კომისიამ მონაცემების შედარების შედეგად დაადგინა, რომ ოფიციალურ მაჩვენებელთან გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები "მიზერულად" განსხვავდებოდა.
ამ დასკვნით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 26 ივლისს წარსდგება. პარლამენტი კენჭისყრით გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ეს დადგენილება. დადგენილების მისაღებად აუცილებელია დეპუტატების უმრავლესობის თანხმობა, მაგრამ არანაკლებ 51 ხმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2021 წლის 17 თებერვალს შეიქმნა. კომისიამ მუშაობა დროებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის დროს შეაჩერა იმ იმედით, რომ ყველა მხარე ჩაერთვებოდა მუშაობაში. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციიდან მხოლოდ ორი დეპუტატი ("ევროპელი სოციალისტები") მუშაობდა, კომისიის დანარჩენი ორი წევრი კი "ქართული ოცნებიდან" იყო, მათ შორის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაყალბდა. ამ მოტივით ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების გაფორმებამდე საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობდნენ. საბოლოოდ, დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები შეთანხმდნენ, რომ თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდება, ვერ აიღებს ხმების 43 პროცენტს რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება.