უცნობია, დაიწყო თუ არა მოკვლევა შსს-მ ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე
შსს, ჯერჯერობით, არ აკეთებს კომენტარს, დაიწყო თუ არა მოკვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის საცხოვრებელ სახლთან მომხდარ ინციდენტზე.
24 ივლისს, ხატია დეკანოიძე საკუთარი სახლის წინ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც, მათთან ახლოს გაჩერდა მანქანა, რომელიც ხატია დეკანოიძის თქმით, ჟურნალისტებს კინაღამ დაეჯახა.
როგორც ხატია დეკანოიძე ჰყვება, ახალგაზრდა კაცი საჭეს მართავდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში.
ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აგინებს მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტებსა და ხატია დეკანოიძეს. მას შემდეგ, რაც ისინი კაცს აფრთხილებენ, რომ პატრულს გამოიძახებენ, კაცი მათ პასუხობს, რომ „პატრულის არ ეშინია“.
ხატია დეკანოიძემ რამდენიმე საათის წინ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა შსს მინისტრს:
„ბ-ნო მინისტრო, უბნის ძველი ბიჭი, რომელიც ზემოქმედების ქვეშ მართავს ავტომობილს, იგინება, მანქანას უმიზნებს ჟურნალისტს და თან ყვირის: “გამოიძახე პატრული, არ მეშინია პატრულის”. ამაზე რა პასუხი გაქვთ? პოლიციელების მუნდირს გაფრთხილება არ სჭირდება?“
მოგვიანებით, კვლავ სოციალურ ქსელში დაწერა ხატია დეკანოიძემ, რომ მან კიდევ ერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, ამ დრომდე, რეაგირება მათი მხრიდან არ ყოფილა.
შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ როგორც კი ექნებათ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, შეგვატყობინებენ.