გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდა რუსეთის პროექტი ბოსნიაში საერთაშორისო წარმომადგენლის პოსტის გაუქმების შესახებ
გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის წინადადება, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის პოსტის გაუქმება მოითხოვს.
გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ, გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ვალენტინ ინცკო, დაადანაშაულა იმაში, რომ იგი „მეფეს“ დაემსგავსა. უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილებას მწვავედ აკრიტიკებენ მოსკოვის მოკავშირე, ბოსნიელი სერბები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ ეძლევათ გაეროს წარმომადგენლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება.
გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის მოვალეობაა 1995 წელს ხელმოწერილი იმ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე თვალყურის დევნება, რომელმაც ბოლო მოუღო სისხლისმღვრელ ომს ბოსნიაში.
რუსეთთან ერთად ჩინეთიც არის თანაავტორი გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის პოსტის გაუქმების შესახებ წინადადებისა, რომლის მიღებასაც გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრის ხმა სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, პროექტს მხარი მხოლოდ ჩინეთმა და რუსეთმა დაუჭირეს, უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა კი თავი შეიკავეს.
კენჭისყრამდე დასავლეთის დიპლომატებმა მოსკოვი დაადანაშაულეს ბოსნიაში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დისკრედიტაციაში იმ ფონზე, როდესაც ამ პოსტს მომდევნო თვეში გერმანელი დიპლომატი კრისტიან შმიდტი დაიკავებს.