ბულგარეთი: ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ოდნავ არის წინ სლავი ტრიფონოვის გაერთიანება
ბულგარეთში ვადამდელი არჩევნების ბიულეტენების თითქმის 99 პროცენტის დათვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, GERB-ს 23,69 პროცენტი მიემხრო. სულ მცირედ უკეთესი მაჩვენებელი აქვს ანტიელიტურ გაერთიანებას, „არის ასეთი ხალხი“ (ITN), რომელსაც 23,91-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
ITN-ის ლიდერი, სატელევიზიო შოუმენი, 54 წლის, სლავი ტრიფონოვი გამოვიდა თავისი გეგმით კაბინეტის შექმნის შესახებ. მიმომხილველები თვლიან, რომ ტრიფონოვის გეგმა სარისკოა, ის ზეწოლას წარმოადგენს შესაძლებელ პარტნიორებზე და ძნელი განსახორციელებელი იქნება.
ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), ამავე მონაცემებით, მოაგროვა ხმების 13,5 პროცენტი, ხოლო ლიბერალებმა, დასავლური ორიენტაციის „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“, 12,56 პროცენტი.
ეუთოს მიმომხილველთა თანახმად, არჩევნებმა ბულგარეთში ჩაიარა კონკურენტულ გარემოში და „ძირითადი თავისუფლებები მთლიანობაში დაცული იყო“.
არჩევნების წინ მოწყობილი გამოკითხვებით, რომელიც Gallup International-მა ჩაატარა, ITN-ს 23,2 პროცენტი მიემხრო, ხოლო GERB-ს - 23 პროცენტი.
ბულგარეთის ხმის უფლების მქონე 6,7 მილიონი ადამიანი ირჩევდა პარლამენტს, რომელშიც 240 ადგილია. ეგზიტპოლების მოლოდინით, ITN-ი 64 ადგილს, ხოლო GERB 61 მანდატს დაეპატრონება.