თალიბანის წინსვლის ფონზე, ასობით ავღანელი სამხედრო თავს ტაჯიკეთს აფარებს
300-ზე მეტმა ავღანელმა სამხედრომ გადაჭრა საზღვარი ტაჯიკეთთან, იმ ფონზე, როცა თალიბანმა ავღანეთის ჩრდილოეთით კიდევ დაიკავა ტერიტორიები, - აცხადებს ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახური 3 ივლისს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავღანელი სამხედროები ტაჯიკეთში უკვე მესამედ გადავიდნენ. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც სასაზღვრო რეგიონ ბადახშანში თალიბანმა დაიკავა რამდენიმე სოფელი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
ბოლო კვირებში თალიბანმა ათობით ოლქზე დაამყარა კონტროლი, იმ ფონზე, როცა ქვეყნიდან გადიან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები - რაც ზრდის შეშფოთებას, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა შესაძლოა დაემხოს.