ირანის არჩეული პრეზიდენტი ბირთვული შეთანხმების გარშემო მსჯელობას მხარს უჭერს, ჯო ბაიდენთან შეხვედრას - არა
![ირანის არჩეული პრეზიდენტი ბირთვული შეთანხმების გარშემო მსჯელობას მხარს უჭერს, ჯო ბაიდენთან შეხვედრას - არა](https://gdb.rferl.org/69ff0cee-728b-4eeb-8a29-0aa63c53425f_w800_h450.jpg)
ირანის არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს დისკუსიას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმების გამოცოცხლების მიზნით, მაგრამ წინააღმდეგია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირდაპირი მოლაპარაკებისა, მაშინაც კი, თუ ვაშინგტონი ირანის მიმართ დაკისრებულ ყველ სანქციას გააუქმებს.
ამის შესახებ 60 წლის რაისიმ განაცხადა პირველად მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერს მოლაპარაკებებს, რომლებიც ჩვენ ეროვნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ამერიკა სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებაში და შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი თავისი ვალდებულებები. ნებისმიერ შეხვედრა ირანელი ერისათვის შედეგის მომტანი უნდა იყოს“, - აღნიშნა ებრაიჰიმ რაისიმ.
არჩევნები ირანში გასულ პარასკევს გაიმართა.
ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ებრაჰიმ რაისი გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა.
2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა თეირანისთვის სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, 2018 წელს ცალმხრივად გამოეთიშა აშშ. ამას მოჰყვა ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების ეტაპობრივი უარყოფა. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სურს შეთანხმებაში კვლავ დაბრუნება და მისი აღდგენა.