კომპანია „ენკა“ გუმათში რკინის ჯებირის აღებას მიესალმება
რიონის ხეობის სოფელ გუმათში პოლიციის მიერ რკინის ჯებირის აღებას „ნამახვანიჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ დადებითად აფასებს და პროცესიის დეესკალაციას მიესალმება.
„მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ენკაში“.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივისტები პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე აღებულ პასუხისმებლობას შეასრულეენ და ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ შეზღუდავენ.
„მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში.
მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუმათში აგებული ბარიკადების დემონტაჟის ფაქტს. იგი ამბობს, რომ იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირველი ნაწილი შესრულებულად ჩაითვალოს და მოლაპარაკებები შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული სხვა პირობების დაკმაყოფილებაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში რკინის ჯებირები ცოტა ხნის წინ მოხსნა.
რკინის ჯებირების მოხსნა ერთ-ერთი პირობა იყო რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დასაწყებად. ამ საკითხზე გასულ შაბათს, 12 ივნისს შეთანხმდნენ მხარეები და ამისთვის ვადა ხვალამდე, 18 ივნისამდე იყო დათქმული.
საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.
დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.
ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.