კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი" 2500-2500 ლარით დააჯარიმა
გადაცემებში პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესების დარღვევის მოტივით კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ დააჯარიმა. როგორც კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, COVID - 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი დაეკისრათ.
საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 26 აპრილს გასულ გადაცემას „შენი დილა“, სადაც ერთ-ერთი მაღაზიის შესახებ სიუჟეტი განთავსდა. 4.5-წუთიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
რაც შეეხება „ტელეიმედს“, კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2021 წლის 18 მაისს გადაცემაში „იმედის დღე“ ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კომისიის შეფასებით, „ამ გადაცემებში პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე. სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.