ვაშაძის თქმით, ნიდერლანდებში გულიტი და ვან ბასტენი მოედანზე აღარ თამაშობენ, ეს ვერ გაიგო სააკაშვილმა
![ვაშაძის თქმით, ნიდერლანდებში გულიტი და ვან ბასტენი მოედანზე აღარ თამაშობენ, ეს ვერ გაიგო სააკაშვილმა](https://gdb.rferl.org/131e17d2-1da1-4394-88c5-7d76f6f5bbfa_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ისურვა, რომ ნიდერლანდების ვეტერანი ფეხბურთელების მსგავსად, მანაც შეიცვალოს საქმიანობის მიმართულება.
„ნიდერლანდების ნაკრები ახლა რომ გამოვიდეს, გულიტი და ვან ბასტენი ათამაშოს... ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ და იმის შემდეგ ვგულშემატკივრობ ჰოლანდიას, მაგრამ თაობები შეიცვალა. მათ თავისი როლი აქვთ ნიდერლანდების ფეხბურთში, მაგრამ მოედანზე მოთამაშეები კი არ არიან. ეს როლის ცვლილება ვერ გაიგო მიხეილ სააკაშვილმა და ამაშია პრობლემა. მე, როდესაც ვამბობ, რომ ნაკლები მიშა არის გამარჯვების ფორმულა, ვამბობ არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი მეზიზღება და არ ჩამოვუშვებ საქართველოში, უბრალოდ, გადავწყვიტეთ ჩვენმა გუნდმა, რომ სიმართლე ვილაპარაკოთ. ამას ხო ბევრი ადამიანი ამბობს. მარტივად ვამბობ, რომ თუნდაც თავის პარტიაში ახალ თაობას უნდა მისცეს მეტი გასაქანი. და არა ის, რომ პირდაპირ გადაეღობოს წინ", - თქვა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში.
მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძის შესახებ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგი რამ დაწერა: „რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში... არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი".
გიორგი ვაშაძემ სააკაშვილს უპასუხა: „შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ „მშია“ და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,"- განაცხადა ვაშაძემ.