პროკურატურასთან დაკავებული ცხრა აქტივისტიდან ხუთი გაათავისუფლეს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის ინფორმაციით, პროკურატურასთან დაკავებული აქტივისტების ნაწილი ზაჰესის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხრა დაკავებული პირიდან ხუთი ხელწერილით გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულებს შორის არის გიგა მაქარაშვილი, რომელმაც დაკავების დროს ხელი მოიტეხა.
საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით გაიმართა.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.
შსს-ს განცხადებით, პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს.