საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მინსკში ჟურნალისტის დაკავებაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ
![საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მინსკში ჟურნალისტის დაკავებაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ](https://gdb.rferl.org/cd44b433-6ec1-4855-b9aa-be360df831c8_cx0_cy3_cw57_w800_h450.jpg)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბელარუსელი ჟურნალისტის საქმეზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.
„დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, გათავისუფლებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადება გულისხმობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება“, - უთხრა დღეს მედიას დავით ზალკალიანმა.
23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი. თვითმფრინავს დაშვება აიძულეს ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, პრატასევიჩი კი დააკავეს.
მას შემდეგ, რაც ბელარუსმა თვითმფრინავს მისცა მინსკის აეროპორტის დატოვების უფლება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა თავდაპირველი დანიშნულების პუნქტისკენ მის გამგზავრებას და ტვიტერზე დაწერა, რომ ყველა მგზავრი უნდა სარგებლობდეს უსაფრთხო გადაადგილების უფლებით და მათი იძულებით დაკავება მიუღებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას საზოგადოების ნაწილში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს მედიას უთხრა, რომ საქართველო შეუერთდა ინციდენტის შესახებ ევროკავშირის განცხადებას, რომელშიც საუბარია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე: „ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლება - ადამიანის უფლებები იყოს დაცული“.
Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების გამო, ევროკავშირის ლიდერებმა ლუკაშენკას რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს. საპასუხო ზომებს განიხილავს აშშ-იც.