რუსეთის დუმამ მიიღო აკრძალვები, რომლებიც ნავალნის მომხრეების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო წაკითხვით, მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს არჩევნებში კენჭისყრის აკრძალვას იმ ორგანიზაციების წევრებისა და მომხრეებისთვის, რომლებიც რუსეთში ექსტრემისტულად არის აღიარებული. ამ დოკუმენტის საფუძველზე კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის მომხრეებისთვის შეიძლება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდეს დუმაში არჩევა.
იმისთვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, ის ფედერაციის საბჭომ უნდა მოიწონოს და მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კანონის მიღებას გეგმავენ სახელმწიფო დუმის არჩევნების კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე. არჩევნები სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
აკრძალვა ვრცელდება არა მხოლოდ სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე, არამედ ყველა დონეზე, მათ შორის მუნიციპალურზე. ასევე ის გავრცელდება არა მხოლოდ ექსტრემისტულად მიჩნეული ორგანიზაციების წევრებსა და მათზე, ვინც მათ მხარს უჭერდა, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც გამოხატავდნენ „მხარდაჭერას ექსტრემისტულად და ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაციების მიზნებისა და ფორმების მიმართ, ასევე ამ სტრუქტურების ცალკეული ღონისძიებების მიმართ“. საქმე შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, კომენტარებს ინტერნეტში.
აკრძალული ორგანიზაციების საქმიანობასთან ადამიანების კავშირი სასამართლომ უნდა დაადგინოს. მაგრამ აკრძალვა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ორგანიზაციების დამაარსებლები ან ხელმძღვანელები იყვნენ.
დუმაში კანონპროექტი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში შევიდა საბუთები კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა და ალექსეი ნავალნის შტაბების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნობის შესახებ. როგორც ნავალნის მომხრეები მიიჩნევენ, კანონპროექტის აზრი ისაა, რომ მათ არ მისცენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.