მარიტა მუსელიანი: "21 ათასი დაჯდა სცენა, ამაზე დიდი ხარჯი არ გვქონია"
"რიონის ხეობის მცველები" მარიტა მუსელიანი და ვარლამ გოლეთიანი ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის შემოწირულებას იღებენ, თუმცა შემომწირველების ვინაობას არ იტყვიან.
"რაც ვნახე, 21 ათასი დაჯდა სცენა, ამაზე დიდი ხარჯი არ გვქონია და ამასთან ერთად, ორგანიზაციის სახელზე არის "მინივენი", რომლითაც გადავაადგილდებით", - უთხრა მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას და დაამატა: "5 დოლარით და 10 ლარით გროვდება თანხები, ისეთმა ხალხმა ჩარიცხა, რომლებიც შრომობენ უკანასკნელი ოფლის ფასად და ისე გზავნიან. ამიტომ ასეთ თანხას თუ მიზნობრივად არ გამოვიყენებთ, უბრალოდ უნამუსობა იქნება", - თქვა მან დღეს და თავისუფლებას განუმარტა, რომ ეს იქნება მათი პასუხი "შავ პიარზე", რომელიც "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ წამოიწყო სხვადასხვა ჯგუფმა.
„როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული, როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს, ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება", - თქვა გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გასაჯაროვდება მხოლოდ შემოწირული თანხები, თუმცა შემომწირველთა ვინაობა კონფიდენციალური დარჩება.
"აუდიტს სახელმწიფო ვერ ჩასვამს, რადგან პოლიტიკური პარტია არ ვართ, მაგრამ ჩვენ ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით გავასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას. ადვილი დასაანგარიშებელია მით უმეტეს შემოსავლების ნაწილი, პირდაპირ ამოვბეჭდავთ და კოდების, სახელებისა და გვარის გარეშე გამოვაქვეყნებთ. კონფიდენციალობის დაცვა იქნება საჭირო და დაინახავს საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ არის პირადი შემოწირულობები კერძო პირების მხრიდან, ძირითადად ესაა უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხები".
ვარლამ გოლეთიანმა ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეს, არ გაემჟღავნებინათ შემომწირველთა ვინაობა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ, ვინც თანხას რიცხავენ, არ სურთ ვინაობის გამჟღავნება. მეორე მიზეზი კი, მისი თქმით, ისაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიგოს, მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმებულებიდან, რაც მათთვის ე.წ. ადმინისტრაციული რესურსია, ვინ გულშემატკივრობს და ეხმარება საპროტესტო აქციას. გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ მათ შემომწირველთა შორის არ არიან პოლიტიკური ძალები.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, სანამ ზუსტ ციფრებს გამოაქვეყნებენ, შეიძლება იმის თქმა, რომ ნახევარ წელიწადში, ძირითადად ემიგრანტების დახმარებით რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა.