სბუ: უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებულია რუსეთის დაახლოებით 100 ათასი ჯარისკაცი
![სბუ: უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებულია რუსეთის დაახლოებით 100 ათასი ჯარისკაცი](https://gdb.rferl.org/36f66074-e1cd-4b57-90c0-12085c96d41b_w800_h450.jpg)
უკრაინის უშიშროების სამსახურის (სბუ) შეფასებით, უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებულია რუსეთის დაახლოებით 100 ჯარისკაცი. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან მაკანოვმა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე გამოვიდა, განაცხადა, რომ სამშაბათს, 11 მაისს გამოაცხადა ეს შეფასება ფორუმზე „უკრაინა 30. ქვეყნის უსაფრთხოება“. მისი სიტყვებით, უკრაინის საზღვრებთან, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, კონცენტრირებული არიან „ტანკები, თვითმფრინავები, სამხედრო ხომალდები, ვერტმფრენები, საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები და სარაკეტო და საარტილერიო ჯარების ჯგუფები“.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ამჟამად უკრაინის საზღვრის ორი მესამედი არასათანადოდ დაცული რჩება. მაგრამ საზღვრის დანარჩენი ნაწილი, დასავლეთის მიმართულებით, ასევე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასო, დასძინა ბაკანოვმა.
რუსეთმა ადრე გაზაფხულზე 120 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის საზღვრის სიახლოვეს. ამან დასავლეთსა და თავად უკრაინაში გააჩინა ომისთვის მზადების ეჭვი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გადასროლა ახსნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან „მუქარის შემცველ მოქმედებებზე“ რეაქციით და რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობით.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 22 აპრილს გამოაცხადა დონბასის მახლობლად და ყირიმში დისლოცირებული ათიათასობით სამხედრო მოსამსახურის დაბრუნების შესახებ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში. ამავე დროს შოიგუმ ჯარებს უბრძანა, მზად იყვნენ დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც უკრაინის საზღვრის მახლობლად იმყოფება.