ვიოლა ფონ კრამონი მელიასთვის გირაოს გადახდაზე: კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა პირობა
ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის 40 000 ლარის მოცულობის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამან გზა უნდა გაუხსნას ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, - დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროკავშირმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად 40 000 ლარის ოდენობის გირაოს თანხა გადაიხადა.
ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობას უხდის ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევას. ეს ორგანიზაციები არიან "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
კერძოდ, "საიას" ანგარიშის გავლით, თანხა თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე 8 მაისს, დაახლოებით 15 საათისთვის გადაირიცხა.პროცედურით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად პროკურატურამ ახლა სასამართლოს უნდა მიმართოს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს არ მიმართავს. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს პროკურატურაში, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა ვეღარ მოესწრო იმის გამო, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ნიკა მელიას გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გვიან გადააგზავნა. „თითქმის 18 საათი ხდებოდა, როდესაც "საიასგან" მეილი რომ მივიღეთ და დღეს ვერ მოვასწარით“, - განმარტეს პროკურატურაში.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.
მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.
პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. ამ გირაოს გადახდაზე მელია უარს აცხადებდა. მისი ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის გირაოს ძალით საპატიმროს დატოვებისა, იყო ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა.