შესაძლოა „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესიც ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყოს
![შესაძლოა „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესიც ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყოს](https://gdb.rferl.org/5daca370-12d5-407b-9f9f-a8c8f38418d3_w800_h450.jpg)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოში, „სინოფარმის“ მსგავსად, ჩინური წარმოების მეორე ვაქცინით „სინოვაკით“ ვაქცინაციაც დაიწყოს ჯანმოს ავტორიზაციამდე, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელ კომპანიასთან არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ აცრა მხოლოდ ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ დაიწყებოდა. ამის შესახებ, მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართული პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი კითხვის პასუხად.
„ჩვენ თავიდანვე „სინოვაკთან“ მიმართებაში გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებელთან და ასევე ექსპერტების ჯგუფებთან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი „სინოვაკთან“ მიმართებაში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რა ვადა დასჭირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოვაკის“ ავტორიზაციისთვის. შესაძლებელია, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა იმისთვის, რომ „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი სიტყვებით, ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა ცალსახად მიუთითებს „სინოვაკის“ სარგებელზე, ამდენად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ფონზე ვაქცინაცია იყოს სწრაფი და ფართო.
„მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია უფრო აქტიურად [წავა] და დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მან კვლავ არ გამორიცხა, რომ პროცესს შესაძლოა დაეწიოს ჯანმოს ავტორიზაციაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინდელი დღის მონაცემებით, „სინოფარმის” წარმოების ვაქცინით 793 ადამიანი აიცრა. 5 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 47 949 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 7009 ადამიანი.
ამ ეტაპზე საქართველოში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.
დღეიდან, 5 მაისიდან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე 20 საათიდან იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირება ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.