შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიამ დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე წერს, რომ მან როგორც პოლიტიკოსმა თავი დაიმთავრა და წარმავალია ამქვეყნიური დიდება.
აღნიშნული შინაარსის პოსტი შალვა პაპუაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პოსტით იგი გამოეხმაურა ნიკა მელიას ადვოკატების განცხადებას გირაოსთან დაკავშირებით.
"გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება",- დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის "გათავისუფლების გასაღები" ხელისუფლების ხელშია. მან მელიასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ გირაოს გადახდაზე მელიას თანხმობა არ არის საჭირო.
"აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელისუფლებამ მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.
მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.
პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის გადაიხადოს მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი.