კახეთში აქცია გამართეს სტიქიით დაზარალებულებმა
![კახეთში აქცია გამართეს სტიქიით დაზარალებულებმა](https://gdb.rferl.org/2fa2e762-daa9-4ddb-abad-e4cfe291d35b_w800_h450.jpg)
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, 30 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, ისინი მოსავლის გარეშე დატოვა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ თითქმის 100 პროცენტით არის განადგურებული ვენახები, ხორბლის ყანები, ხილისა და საზამთროს ბაღები. მათი თქმით, თითქმის ყველა მათგანს მოსავლის მოსაყვანად საჭირო თანხა ბანკიდან აქვს გამოტანილი და მის გადახდას ვერ შეძლებენ. დაზარალებულები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ითხოვენ ბანკებთან შუამდგომლობას, საბანკო ვალდებულებების გადავადებისთვის. ახალსოფელში აქციის მონაწილეებს ხელისუფლებიდან ჯერ არავინ შეხვედრია.
ბოლო სამი დღეა კახეთში ცალკეული მუნიციპალიტეტები დაისეტყვა. სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა გურჯაანის სოფლებში. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც. სტიქიამ დააზარალა ლაგოდეხის 5 სოფელიც.
აღსანიშნავია, რომ ყვარელში, გურჯაანსა და ლაგოდეხშიც სტიქიის შედეგების დათვლა მიმდინარეობს, თუმცა კახეთში, სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აანაზღაურებს, ცალკეული მუნიციპალიტეტის მერიას კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლია.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს მოსავლის დაზღვევას და ამ შემთხვევაში ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ.