აშშ-მა და ნატომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს
აშშ და ნატო 1 მაისს ოფიციალურად იწყებენ ავღანეთიდან თავიანთი ჯარების დარჩენილი ნაწილების გაყვანას. გაუგებარია, რა მომავალი ექნება ქვეყანას, სადაც ოცწლიანი ომის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების უქონლობის პირობებში, ძალადობა კვლავ მატულობს.
აშშ-ის 3500 სამხედრო და 7000-მდე ნატოელი ჯარისკაცი 11 სექტემბრამდე დატოვებს ავღანეთს და დაასრულებს უცხოეთის ჯარების ოცწლიან ყოფნას.
აშშ-ის და ნატოს ჯარებმა, ასევე სამხედრო აღჭურვილობამ, დაიწყო ავღანეთის დატოვება, მაგრამ ვაშინგტონის და თალიბანის 2020 წლის შეთანხმებით, 1 მაისს ჯარების გასვლა უნდა დასრულებულიყო.
შეშფოთების ფონზე, რომ თალიბანმა უცხოეთის ჯარების გასვლის დროს მათზე თავდასხმა შეიძლება განახორციელოს, ნატომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამგვარ ქმედებას მძლავრი პასუხი მოჰყვება.
30 აპრილის ღამით, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰაიათულა ჰაიათმა პოლიციის მაღლი რანგის მეთაურებს დავალება მისცა, გაამკაცრონ კონტროლი, რადგან თალიბანმა შეიძლება გააძლიეროს ძალადობა.
30 აპრილს დანაღმული მანქანა აფეთქდა ფულ ე-ალამში, ლუგარში, სადაც 26 პირი დაიღუპა და 100 დაშავდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.