პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დააყენებს ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას
![პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დააყენებს ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას](https://gdb.rferl.org/4561b10b-cc9e-454c-b967-65c3a9e38381_w800_h450.jpg)
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია დააყენოს. 26 აპრილს, ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპულ საკითხებზე პოზიციები ვერ შეჯერდება:
„ჩვენ არა ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში, არ გვინდა რომ თავიდანვე კონფრონტაცია გვქონდეს, ამიტომ იქნება კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან ეხლა. შევეცდებით რომ შევაჯეროთ ვერსია და თუ ვერ მოხდება და ფუნდამენტური სხვაობა იქნება პრინციპულ საკითხებზე ჩვენს ვერსიასა და "ქართული ოცნების" ვერსიას შორის, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი ინიციატივის დაყენებაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მომზადებული კანონპროექტი არ უნახავს. მისივე განმარტებით, ოპოზიციის სამუშაო ვერსია ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა ის, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მწამებლებზე, მოძალადეებზე და თანამდებობის პირებზე, რომლებმაც აქციის დარბევის უკანონო ბრძანება გასცეს და უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის თანხმობას.
27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.
ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.
19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ“.
შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". ისინი მოითხოვენ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე.