ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულზე დაპირისპირების საფრთხეა
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) 24 აპრილს განაცხადა, რომ სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ მუქარის ფაქტებით, რომ 25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ, ქადაგებაში ეპისკოპოსმა თქვა, რომ „ტერორისტული აქტის“ მსურველი პროვოკატორები აუცილებლად დაისჯებიან.
„თუ ვინმე სპეციალურად არ გააკეთებს ისეთ რამეს, რომ ვინმე სცემოს ან სისხლი დაღვაროს, არაფერი მოხდება და არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. არავის შემთხვევით რაღაც პროვოკაცია არ მოუნდეს, თორემ პროვოკატორები და ისინი, ვინც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან მძიმედ დაისჯებიან. აქ უკვე აღარ არის იმაზე ლაპარაკი, რომ განიკვეთება არ განიკვეთება. აქ უფრო მძიმე საკითხებია. იმიტომ, რომ ეს უკვე განხილული იქნება, როგორც ტერორისტული აქტი.
იქნება განხილული, არა როგორც უბრალო სამართალდარღვევა, არამხოლოდ ის, რომ წირვის ჩატარების უფლებას არ გაძლევს, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ, თუ ვინმე სისხლისღვრაზე არის გამზადებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ტერორისტული აქტისთვის ემზადება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციას და ყველას მივმართავთ, რომ ასეთი მუქარა არის, რომ ეს ყველაფერი ისე იყოს გაკეთებული, რომ ნეიტრალიზებული იყოს ნებისმიერი ტერორისტი, ან ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც შეეცდება სისხლისღვრის ატეხავს ან ტაძარში, ან ტაძრის გარშემო. ჩვენ ფაქტობრივად, არავითარი დაძაბულობისკენ არავის არ მოვუწოდებთ“ - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.
მანამდე, მან 22 აპრილს საპატრიარქოს ტელევიზია „ევრთსულოვნების“ ეთერში განაცხადა, რომ ბზობის დღესასწაულზე წირვის ჩატარებას პირადად აპირებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ტაძარში და მრევლს მაქსიმალურად შეკრებისკენ მოუწოდა.
მიტროპოლიტის სატელევიზიო განცხადების შინაარსის მიხედვით, მასთან დაპირისპირებულმა "თვითმარქვია" სასულიერო პირებმა 22 აპრილს სალხინოს ტაძარში ლოცვის პროცესი ჩაშალეს. მეუფე სტეფანე ხალხს მთელი საქართველოდან იწვევს.
„მე ვაცხადებ, რომ ბზობის დღესასწაულს ჩავატარებ სალხინოში და ყველას, მთელ საქართველოს მრევლს მოვუწოდებ, რომ სალხინოში, ჩემთან ერთად აღვნიშნოთ ბზობის დღესასწაული“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ „ერთსულოვნების“ ეთერში.
სწორედ ამ მოწოდების გამო, თავის მხრივ, ძალადობის პროვოცირებაში მიტროპოლიტს ადანაშაულებენ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები, რომელთა ნაწილს სასჯელის სახით მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული.
სხვა პირებთან ერთად, თამაკონის ეკლესიაში მისულმა მღვდელმა დანიელ გვილავამ 24 აპრილს, წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სტეფანეს უთხრა, რომ სახიფათო შეცდომა იყო ბზობის დღესასწაულისთვის მაინცდამაინც სალხინოში ჩასვლის გადაწყვეტილება და ასევე, მოწოდებები ხალხის მობილიზების შესახებ, რადგან გაღიზიანებული ხალხი შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდეს.
„ხვალ შეიძლება იყოს ძალიან მძიმე სიტუაცია, რადგან ხალხი ძალიან გაღიზიანებულია. სალხინოს მოსახლეობა ამბობს - ჩვენ რატომ არ მოგვიწოდა, ჩვენი მღვდელმთავარი ხომ არისო... არავინ მოდის ხვალ საჩხუბრად, მაგრამ არავინ არ არის არაფრისგან დაზღვეული“ - განაცხადა სალხინოს ეკლესიის ყოფილმა მღვდელმთავარმა, დანიელ გვილავამ, რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანე 22 აპრილს, "ერთსულოვნების" ეთერში განკვეთითაც დაემუქრა. მან ასევე განმარტა, რომ თუკი საკუთარ საქციელს არ მოინანიებენ, განკვეთას კიდევ ორ სასულიერო პირს ჰპირდება.
24 აპრილს, სასულიერო პირები თამაკონის ტაძრის ეზოში ელოდებოდნენ წირვის დასრულებას, რათა ჭყონდიდის ეპისკოპოსს გასაუბრებოდნენ. ისინი ახალი „სასჯელის“ მოლოდინშიც იყვნენ, თუმცა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არავის დასჯას არ გეგმავს.
ჭყონდიდის ეპარქიაში 2019 წელს დაწყებული დაპირისპირება და დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. 29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან.
დაპირისპირებული სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მოითხოვდნენ დაამტკიცოს, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.
საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით“ - ვკითხულობთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.