დაპირისპირებული სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპისკოპოსს ეკლესიასთან ელოდებიან
![დაპირისპირებული სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპისკოპოსს ეკლესიასთან ელოდებიან](https://gdb.rferl.org/a6db7df7-0a41-4951-8474-4b2583f727dd_w800_h450.jpg)
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ეკლესიასთან, სადაც ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე წირვას ატარებს, ის სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებიც 22 აპრილს სალხინოს მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან ის პირები, რომლებსაც მანამდე ეპისკოპოსმა მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
მღვდელ დანიელ გვილავას განცხადებით, ეკლესიაში მოვიდა, რათა მრევლისგან შენდობა ითხოვოს მომხდარი დაპირისპირების გამო.
“ცუდი ფონი იყო და ჩემ სისუსტეს ვაღიარებ. იქ იყო ხმამაღლა საუბარი მოშლილი ნერვებით, რომელიც არ ეკადრება მაღალსულიერებას. არ მაქვს მაღალ სულიერებაზე პრეტენზია. უბრალოდ, თემა და პრობლემა ეკლესიაში იმდენად მძიმეა, მტკივნეულია, რომ ჩემი სულიერება ამას არ ეყო”, - განაცხადა მამა დანიელმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, რატომ დააანონსა ეპისკოპოსმა და რატომ მოუწოდა მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ბზობის დღესასწაულზე მოსულიყვნენ სწორედ სალხინოს ტაძარში და დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას - „რატომ არ შეიძლება, მორწმუნეები იმ ეკლესიებში მივიდნენ, სადაც ჩვეულებრივ დადიან“.
მამა ანანია კალანდიას განცხადებით კი, ის დღეს მეუფე სტეფანესგან ახალი „სასჯელის” მოლოდინშია.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეკლესიაში მოსული მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები ამბობენ, რომ სასულიერო პირებს ტაძარში არ შეუშვებენ.
თავის მხრივ, სასულიერო პირები ტაძრის ეზოში ელოდებიან ლოცვის დასრულებას, რათა ჭყონდიდის ეპისკოპოსთან გასაუბრება შეძლონ.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და დაძაბულობა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.
ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. 29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. მას ჩამოერთვა ზიარების უფლებაც.
დაპირისპირებული სასულიერო პირები ეპისკოპოსს მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ დაემტკიცებინა, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.
საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.