ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას შეხვდა
![ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას შეხვდა](https://gdb.rferl.org/6c642924-8093-4483-8de0-74228656e329_w800_h450.jpg)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ციხეში შეხვდა „ლელო"-ს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
„მელიას არ აქვს განცდა იმისა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომ „ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ მოძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე, ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. უნდა მოიძებნოს გამოსავალი იმისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას. გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება", - თქვა ჯაფარიძემ.
„ლელო"-ს წარმომადგენელმა მელია ევროპული საქართველოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მოინახულა.
ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.
2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეებზე დოკუმენტში ნათქვამია: „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".
დოკუმენტს „ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებს მასზე ხელმოწერას.